აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ,,სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის’’ პირველი საერთაშორისო გამოფენა ,,EXPOMEDBATUMI 2016 ’’ სხვა ოფიციალურ სტუმრებთან ერთად გახსნა. სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით მსგავსი გამოფენა ბათუმში პირველად ტარდება და მასში ადგილობრივ კომპანიებთან ერთად უცხოური კომპანიებიც მონაწილეობს. ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულ ფირმებს საშუალება ექნებათ ნახონ დარბაზში წარმოდგენილი თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები. გამოფენის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და მთავრობის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
საერთაშორისო გამოფენა ,, EXPOMED BATUMI 2016 ’’ ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების პრეზენტაციები. მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. გამოფენაში ქართული, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანულილ, რუსული, სომხური, ირანული, პოლონური, ბელორუსული კომპანიები მონაწილეობენ.
გამოფენა ,,EXPOMED BATUMI 2016 ’’ - ის ორგანიზატორია ,,GEONET EXPO’’