კომპანია „პარკ გიდა“ ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ალკოჰოლური სასმელების წარმოებას იწყებს. მშენებარე საწარმო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ მოინახულეს. უკვე ცნობილია, რომ პროექტის განხორციელებისთვის შპს „პარკ გიდა“ არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საწარმო პირველ ეტაპზე არაყს, ვისკის და ჯინის აწარმოებს. საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობა სხვა სახის ალკოჰოლური სასმელების წარმოების საშუალებასაც იძლევა.
სამომავლოდ დაგეგმილია ლიქიორების და ნაკლებად ალკოჰოლური სასმელების (კოქტეილები) რეალიზაცია.
ამ ეტაპზე დასრულებულია საწარმოს მშენებლობა და შენობის ინტერიერის და ეზოს მოწყობის სამუშაოები მიდმინარეობს. დღეისათვის ობიექტზე 40-45 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა სამომავლოდ 130-150 მდე გაიზრდება.