შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების პროგრამის შესახებ ბრიფინგი გაიმართა, სადაც სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" დირექტორმა, პაატა ლომაძემ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში, 200 ადამიანი გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებდება. ასევე კომპანია კანდიდატებს სთავაზობს უფასო გადამზადების პროგრამას და ანაზღაურებად სამუშაოს სწავლების პროცესში.
პროგრამის ფარგლებში სამინისტრო უზრუნველყოფს „ჯიპიაი ჰოლდინგი“-ს მიერ მოთხოვნილი კვალიფიკაციის შესაბამისი შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების შერჩევას და შერჩეული კანდიდატების „ჯიპიაი ჰოლდინგი“-სათვის გაგზავნას. ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანაა სოციალური მომსახურების სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში (www.worknet.gov.ge) რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების სტაჟირებისა და დასაქმების ხელშეწყობა.
"პრაქტიკულად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს აქვს საშუალება, ამ პროექტში ჩაერთოს. აქცენტი შუახნის ადამიანებზე გვაქვს გაკეთებული, რომლებსაც სურთ, რომ მეორადი პროფესია შეიძინონ. ზედა ზღვარი ასაკის, როგორც ასეთი, არ გვაქვს. ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია აღნიშნული სპეციალობის განვითარება ბაზარზე. არის ძალიან დიდი ნაკლებობა კვალიფიციური სპეციალისტების. ჩვენს ტრენინგ-ცენტრში ვეცდებით გადავამზადოთ კვალიფიციური მენეჯერების მეშვეობით. შრომითი ხელშეკრულების ვადა, სტანდარტულად ერთწლიანია, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება დიდი ხნით დასაქმდნენ ჩვენს კომპანიაში. საწყის ანაზღაურებად 400 ლარია განსაზღვრული, თუმცა შემდგომში გაზრდის პერსპექტივით, ინდივიდუალურ მონდომებაზეა დამოკიდებული და ზედა ზღვარი პრაქტიკულად არ არსებობს", - განაცხადა პაატა ლომაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ კი აღნიშნა, რომ პროექტი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან სახელმწიფო და კერძო სექტორმა.
"გარდა იმისა, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგი" სთავაზობს ვაკანსიებს სამუშაოს მაძიებლებს, ამასთანავე, უზრუნველყოფს მათ გადამზადებას. გადამზადების პროცესში შესაბამისი ანაზღაურებითაც უზრუნველყოფს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სამუშაოს მაძიებლებმა შესაბამისი უნარჩვენები შეიძინოს და თავისი ადგილი დაიმკვიდროს დღევანდელ საზოგადოებაში", - აღნიშნა სოფრომაძემ.
"ვფიქრობთ, ამ კამპანიით შევუწყობთ ხელს, რომ ადამიანებმა უკეთ შეისწავლონ ეს პროფესია და დასაქმდნენ. მითუმეტეს, რომ ამ პროფესიაში არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს მაღალი მოტივაცია, რომ დაეუფლოს ამ პროცესიას, შეუძლია მოვიდეს დასაქმების ფორუმზე, გადაემზადოს და გაიკეთოს ძალიან წარმატებული კარიერა ამ სფეროში. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოთხოვნები არ არსებობს, ვგულისხმობთ, რომ აუცილებელია გარკვეული უნარ-თვისებები გააჩნდეთ ამ ადამიანებს. ეს არის პირველ რიგში ალბათ კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, კეთილგანწყობა. მთავარი რაც მოეთხოვება გაყიდვების სპეციალისტს, არის რომ ადვილად შეეძლოს კომუნიკაციაში შესვლა უცხო ადმიანებთან, იყოს ხალისიანი და ენერგიული. თუმცა ეს ყველაფერი სწავლებადიც არის და შესაძლოა, განვითარდეს ტრენინგების საშუალებით", - აცხადებს "ჯიპიაი ჰოლდინგის" გაყიდვების და ადამიანური რესურსების მენეჯერი ვახტანგ კორძაია.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 21 აპრილს დასაქმების ფორუმზე, რომელიც გაიმართება ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, 10:00 – 18:00 საათამდე. დაინტერესებული პირები გაივლიან გასაუბრებას და მიიღებენ შესაბამის ინფორმაციას გამოცხადებულ ვაკანსიაზე. წარმატებული კანდიდატები მიიღებენ სტაბილურ სამსახურს მსხვილ კომპანიაში.