კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ალ თანს შეხვდა.
როგორც კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა აღნიშნა, კატარის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაა. მინისტრის განცხადებით, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ბიზნესსექტორის ჩართულობის გააქტიურებას, ასევე, სავაჭრო მიმართულებით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ოთარ დანელიამ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თბილისში ბიზნესფორუმის გამართვისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.