საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს დაამტკიცებს.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მიღებამდე შეძენილ უძრავ ქონებასა თუ მიწას, რომელზეც უძრავი ქონების პირობებში 80%, ხოლო მიწის პირობებში 90%-ის საფასურია გადახდილი და გარკვეული პრობლემების გამო, ვერ მოხდა ქონების დაკანონება, ასეთი ტიპის მფლობელებს, აღნიშნული ქონება დაუკანონდებათ.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს მოხდება იმ პირობებში, თუ დავალიანება დაფარული იქნება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებულ პრობლემას მოაგვარებს.
„დღევანდელ სხდომაზე დავამტკიცებთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე, პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ სპეციალურ წესს, რომელიც მოამზადა ეკონომიკის სამინისტრომ და ძალიან ბევრ ადამიანს გადაუჭრის პრობლემას, რომელიც წინა წლებიდან მომდინარეობს.
ეს არის სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებული პრობლემა. ეს ეხება 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ მანამდე,სანამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი იქნა მიღებული, შეძენილ უძრავ ქონებასა თუ მიწას, რომელზეც 80% უძრავი ქონების პირობებში და 90% მიწის პირობებში, გადახდილი არის საფასური, ან მთლიანად არის გადახდილი საფასური და ვადების დარღვევის გამო, ვერ მოხდა ქონების დაკანონება. ასეთი ტიპის მფლობელებს ქონება დაუკანონდებათ, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, თუ დაფარული იქნება დავალიანება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.