მიმდინარე წლის 24 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს დაესწრო, რომელიც პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო დაფინანსების საკითხებზე. მან დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს.
„ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული და ნაყოფიერი იყო, ჩვენ ვაფასებთ ამ პარტნიორობას. თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 40-ზე მეტი, დაახლოებით, 6,63 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
ფორუმზე მან ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც მიმართული იყო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებებზე. მისი თქმით, წელსაც ფისკალური პოლიტიკის ამოცანა იქნება შენარჩუნდეს გონივრული დეფიციტი და ბიუჯეტის ჯანსაღი სტრუქტურა, მათ შორის, საგადასახადო რეფორმების ეფექტის გათვალისწინებით, რისთვისაც აუცილებელია ადმინისტრაციული და სხვა მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია, ასევე სოციალური ხარჯების მდგრადობის მიღწევა ადეკვატური სოციალური გარანტიების შეთავაზების პირობებში.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, იგეგმება პროექტების განხორციელების დაჩქარება, ასევე გაგრძელდება პარტნიორული ურთიერთობები დონორებთან შეღავათიანი ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მისი თქმით, გრძელდება ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების მაღალ ინტერესებს ემსახურება. „ასოცირების შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვნად წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ხოლო ქართულ ბიზნესს ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს მისცემს,“ - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთობლივი თანამშრომლობა, რათა ევროპულ ბაზარზე გაიზარდოს ქართული პროდუქციის ცნობადობა. „გთავაზობთ ერთობლივად ვითანამშრომლოთ აღნიშნული მიმართულებით, რათა მეტი უცხოური ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოში საქმიანობით და ასევე, ერთად ვიზრუნოთ იმ პოტენციალის გამოსაყენებლად, რასაც DCFTA აძლევს საქართველოს,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დასასრულ, ფინანსთა მინისტრმა იმედი გამოვთქვა, რომ დონორებთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას, ასევე რეგიონში ეკონომიკურ სტაბილურობას.