ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოში ნავთობის ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი იზრდება. დღეისათვის, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41,47 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 41,62 დოლარი/ბარელზე.
მიმდინარე საერთაშორისო ფასებს განსაზღვრავს შემდეგი ფუნდამენტალური ფაქტორები: მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა (ბოლო პერიოდში გაზრდილი ნავთობის წარმოების პირობებში ვარაუდობენ, რომ მსოფლიოში არის ნავთობის ზედმეტობა 300 მლნ ბარელის ოდენობით); ირანის დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე; ასევე მსოფლიოში ნავთობის მეორე მომხმარებელი ქვეყნის - ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის გაზრდილი ფასები უკავშირდება რამდენიმე ფაქტორს. მათ შორის, რუსეთს, საუდის არაბეთსა და ოპეკის რიგ ქვეყნებს შორის დაწყებული მოლაპარაკებები ნავთობის მოპოვების „გაყინვასთან“ დაკავშირებით და ასევე აშშ-ში ნავთობის მოპოვების შემცირებას.
ნავთობის ფასის მომავალი ტენდენცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული 17 აპრილს კატარში დაგეგმილ ოპეკის შეხვედრაზე, სადაც განხილულ იქნება ნავთობის მოპოვების „გაყინვის“ საკითხი.
მიუხედავად იმისა, რომ გაზრდილია საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით. (კერძოდ, ბოლო 1 თვის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი გაზრდილია საშუალოდ 119 დოლარით/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის ფასი - საშუალოდ 66 დოლარით/ტონაზე), ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს საცალო ქსელში რიგი კომპანიების მიერ სხვადასხვა ტიპის საწვავზე კვლავ გაგრძელდა ფასების შემცირება, რაც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის გამყარებასთან დოლართან მიმართებაში. შედარებისათვის, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,3966 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,2953 ერთეულს.
დღეისათვის ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,65-1,80 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,55-1,69 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,35-1,55 ლარი; დიზელი ლ-62 -1,32-1,45 ლარი; ევრო დიზელი - 1,35-1,65 ლარი“, - ნათქვამია განცხადებაში.