ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა განცხადებით, იქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. საინიციატივო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება ხვალ, 16 მარტს, 12.00 საათზე, თსუ მეორე კორპუსში, ქიმიის დიდ აუდიტორიაში.
საინიციატივო ჯგუფის წევრის თსუ პროფესორის დიანა ძიძიგურის განცხადებით, „გადავწყვიტეთ შევქმნათ საინიციატივო ჯგუფი. ჩვენ შევხვდებით სტუდენტების ორივე მხარეს. უნივერსიტეტში არის კრიზისი. აკადემიურმა პერსონალმა გადაწყვიტა, რომ თავისი ვალი მოიხადოს. უნივერსიტეტი პროფესორებისაც არის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ უნდა გადადგეს ვლადიმერ პაპავა. ყველა საკითხთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ უნივერსიტეტში შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი. ხვალ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას".
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ უნივერსიტეტში არ არის ნორმალური სიტუაცია. უნივერსიტეტის პროფესორებმა გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. შექმნილი სიტუაცია არავის ბრალი არ არის. ეს შექმნა ჩვენმა მემკვიდრეობამ და ჩვენ ეს უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ უნდა შევიტანოთ ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და უნივერსიტეტის წესდებაში, რომელიც გახდის უნივერსიტეტს სტაბილურს. რექტორი არ უნდა გადადგეს, ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას უნივერსიტეტში. დღეს უნივერსიტეტი შეურაცხყოფილია. ჩვენი ინიციატივა იქნება ერთიანობა სტუდენტებსა და პროფესორებს შორის,“- განაცხადა თსუ პროფესორმა აკაკი ყულიჯანაშვილმა.