დედაქალაქის მერია თბილისში გზების მოწესრიგების სამუშაოებს იწყებს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ გახდა ცნობილი, დავით ნარმანიამ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს კატეგორიულად მოსთხოვა დასრულდეს გზებთან დაკავშირებული პრობლემები და ქალაქში არა თუ ამორტიზებული გზის მონაკვეთები, „ერთი ორმოც არ უნდა იყოს“.
ნარმანიას მოთხოვნით, ივლისში დედაქალაქს ყველა ქუჩა მოწესრიგებული უნდა იყოს. განსაკუთრებულად მერმა ყურადღება გაამახვილა კოსტავას ქუჩაზე - ტელევიზიის წინ ასფალტის საფარის გამოცვლის აუცილებლობასა და დედაქალაქის შიდა ქუჩებში დაზიანებული გზის საფარის მოწესრიგებაზე.
ნარმანიამ კატეგორიულად მოითხოვა კონტრაქტორი კოპანიების სანდოობის მათი გამოცდილების გათვალისწინება და უმკაცრესი სანქციების დაწესება უხარისხო ან ვადაში შეუსრულებელი სამუშაოების გამო.
როგორც დახურულ შეხვედრაზე ნარმანიამ კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურებს განუცხადა, ივნისის ბოლოს ის საჯაროდ მიმართავს ჟურნალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ჩატარებული სამუშაოების საზოგადოებრივი მონიტორინგისთვის.
„ივნისის ბოლოს, როდესაც სამუშაოები გრაფიკის მიხედვით დასრულდება, მე თხოვნით მივმართავ ჟურნალისტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს - „იპოვეთ ნარმანიას ორმო“. ამ ერთგვარი კონკურსის შედეგებზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ კეთილმოწყობისა და ზედამხედველობის სამსახურების, არამედ კონტრაქტორი კომპანიების ბედი“, - განაცხადა დახურულ თათბირზე ნარმანიამ.
როგორც ცნობილია, საგზაო სამუშაოების მოწესრიგებისა და გზის ახალი საფარის დასაგებად თბილისის ბიუჯეტი 70 მილიონამდე ხარჯს გასწევს.