დედაქალაქის მერიაში არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაცია დაიწყო. შესაბამისი განკარგულება თბილისის მერიის მთავრობის წევრებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ წარუდგინა.
ნარმანია მოითხოვს, რომ რეორგანიზაცია ერთ თვეში დასრულდეს, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობასა თუ ცალკეულ კომპანიებს საკუთარი საქმიანების ეფექტურად წარმართვა უნდა შეეძლოთ.
ნარმანიას განცხადებით, მის მიზანს წარმოადგენს დაიწყოს დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესება და თითოეული მშენებლობა თბილისის განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით წარიმართოს.
მერიაში მოსალოდნელი საკადრო წმენდის არქიტექტურის სამსახურით დაწყების შესახებ „ჯი-ეიჩ-ენი“ 11 თებერვალს წერდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ გახდა ცნობილი, დავით ნარმანია საქალაქო სამსახურების მუშაობით უკმაყოფილოა.
არქიტექტურის სამსახურის მიმართ ნარმანიას უკმაყოფილებას არა მხოლოდ ნებრათვებთან დაკავშირებული ხელოვნური ბიუროკრატიული მექანიზმები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღები ვადები განაპირობებს.
„ჯი-ეიჩ-ენისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ნარმანიას სამსახურის არაეფექტური საქმიანობის არაერთი დოკუმენტი და ფაქტი წარუდგინეს.
არქიტექტურის სამსახურში წმნდის შედეგად სავარაუდოდ, კადრების ნახევარზე მეტს მოუწევს სამუშაო ადგილების დატოვება და ნარმანიას მოთხოვნით, მათ ნაცვლად სამსახურში ეფექტურ და მოტივირებულ კადრებს მიიყვანენ.
სააგენტოსთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ დედაქალაქის მერს გადაწყვეტილი აქვს კოალიციის წევრების მიერ მერიაში სამუშაოდ „მივლინებული“ კადრების სახლებში გაშვება. შიდა მონიტორინგით ნარმანიამ გაარკვია, რომ ბევრი მათგანი შორს არის პროფესიონალისზმისგან და დაკისრებულ მოვალებასაც ვერ ასრულებენ.
დედაქალაქის მერი ასევე გეგმავს ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიმართ მოთხოვნების გამკაცრებასა და თუ სამსახურები უახლოეს დღეებში ვერ შეძლებენ მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებას, სავარაუდოდ, ამ სამსახურების ბევრ თანამშრომელსაც მოუწევს სამსახურის დატოვება.
ნარმანია არც ქალაქის გამგეობების საქმიანობით არის კმაყოფილი და სავარაუდოდ, ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია ცვლილებები.