საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის მთავრობას, თურქ ხალხს და ყველა ადამიანს, ვისთვისაც ტერორიზმი არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.
მაქვს მტკიცე რწმენა იმისა, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ძალებით შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს ბოროტებას“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
ანკარის ცენტრში, გენერალურ შტაბთან ახლოს დანაღმული მანქანა აფეთქდა. იმ დროს შენობასთან სამხედროებით სავსე ორი ავტობუსი იდგა და ორივეს ცეცხლი გაუჩნდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 28, ხოლო დაშავებულია 66 ადამიანი.