აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც აფხაზეთის ელექტრომომარაგების საკითხთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილებით, შექმნილი ვითარება გარკვეულწილად დარეგულირდა.
,,მოგეხსენებათ, აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ ერთიანი საქართველოს ნაწილს და შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე. ეს არის ჩვენი კეთილი ნება და მყარი პოზიცია.
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც, შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრომამარაგების საკითხი, რადგან შემოსული წყლის რესურსის მცირე რაოდენობამ ვერ უზრუნველყო ენგურის და ვარდნილი ჰესების საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება.
რამდენიმე კვირაა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად, სერიოზული საფრთხე შეექმნა ჩვენი მოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.
შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან და ოპერატიულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა, რითაც შექმნილი ვითარება გარეკვეულწილად დარეგულირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, ამ პრობლემის კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში საფუძლიან მუშაობას საჭიროებს’’, - განაცხადა კახა კალაძემ.