კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ევრონტეგრაციის, სასჯელაღსრულების, სპორტისა და კულტურის სამინისტროების გაუქმება, საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.
ნიკა რურუას თქმით, ქადაგიძეს და მთელი თავით მაღლაა ვიდრე ის ხალხი, ვინც მას აკრიტიკებს
”კომპეტენტური ადამიანია და პრინციპულიც. ერთი შენიშვნა მაქვს ოღონდ, მისი აზრით კულტურის სამინისტროს გაუქმების აუცილებლობაზე. ამ თემაზე გარტყმაში არ არის და ბენდუქიძეობს. კულტურის სამინისტრო რომ დღეს გავაუქმოთ, გაქრება მთლიანად ქართული (ძლივს გაცოცხლებული) კინო, მთლიანი თეატრი, ყველა ფოლკლორული ჯგუფი, ყველა ორკესტრი გაკოტრდება, ყველა მუზეუმი დაიხურება და ასევე უამრავი კარგი ინიციატივა, რომელიც სრულიად არ ადარდებს კერძო სექტორს, ვერ განხორციელდება. კულტული მემკვიდრეობის დაცვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ქართული ლიტერატურის თარგმანზე და პოპულარიზაციაზეც იგივე მოხდება - აღარ იარსებებს. და ეს სულ რამდენიმე ფუნქციაა, რომელსაც ეს სამინისტრო ასრულებს. ამიტომ ფინანსისტი ფინანსებში უნდა პროფესორობდეს. კულტურაში როგორც იწყებს პროფესორობას - ბოდავს. დღეს ქართული კულტურა თავდაცვის ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის ჩვენი “რბილი ძალის” განვითარებაზე მთავარი პასუხისმგებელი უწყებაა. რამდენად კარგად აკეთებს ის დღეს - ეს სხვა საუბრის თემაა. კულტურის სამინისტრო არსებობს საფრანგეთში, გერმანიაში, ლატვიაში, ლიტვაში, ესტონეთში, რუმინეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სამხრეთ კორეაში, ჩეხეთში ესპანეთში, იაპონიაში, ბელგიაში და ა.შ. და ა.შ. არ არსებობს ა.შ.შ.-ში და დიდ ბრიტანეთში, სადაც კერძო სექტორი ძალიან მდიდარია და არსებობს კულტურის დაფინანსების გრძელი ტრადიცია”, - ამბობს რურუა.