"თავისუფალი დემოკრატები" წინასაარჩევნოდ "თამაშის წესებზე შეთანხმების“ პოლიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენენ. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცახადა, რომ მან უკვე მოამზადა დოკუმენტი, რომელიც არის ერთგვარი ეთიკის კოდექსი.
,,დოკუმენტს საფუძვლად უდევს ის, რომ პოლიტიკური პარტიები ორიენტირებულნი იყვნენ საკუთარ პროგრამებზე. აღმოიფხვრას ზიზღის ენა, შეურაცხყოფის მიყენება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება”, - განმარტავს დოლიძე.
მისივე თქმით, ხვალ მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტის დეპუტეტბთან გაივლის კონსულტაციებს.
,,ჩვენ მზად ვართ ამ დოკუმენტის განხილვა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ და შევთანხმდეთ ე.წ. თამაშის წესებზე, რათა გავაუმჯობესოთ პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ და იმედი გამოთქვა, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას არაერთი პოლიტიკური ძალა დაუჭერს მხარს.
დეპუტატის ინფორმაციით, მზა დოკუმენტს პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას ბრიუსელიდან ჩამოსვლის შემდეგ წარუდგენს.