ვენეციის კომისიის დასკვნა, საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მარტის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.
ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მოსაზრების მიუხედავად დასკვნა უფრო ადრე ვერ გამოქვეყნდება.
მისი განმარტებით, სესიის თარიღი დადგენილია - ვენეციის კომისია წელიწადში ოთხჯერ მართავს მსგავს სხდომებს და მას არ შეუძლია სპეციალური სესიის მოწვევა საქართველოს "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებების შესაფასებლად.
"ჩვენც გვჭირდება დრო. დელეგაციის შემადგენლობაში სამი წევრი ვართ. როგორც კი გვექნება მოსაზრება, უკვე 60 ქვეყნის წარმომადგენლები განიხილავენ მას", - განაცხადა გონსალეს ოროპეზამ.
ვენეციის კომისიის დელეგაციამ თბილისში შეხვედრები დღეს დილიდან დაიწყო. ექსპერტებმა აუდიენცია უკვე გამართეს ცესკოში, ასევე შეხვდნენ ენმ-სა და ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს.