ენმ ციხისძირში ხეების გადანერგვის პროცესის შეჩერაბას გამარჯვებად აფასებს. პარტიის ერთერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადებით, საბოლოო გამარჯვებას ენმ ოქტომბერში მოიპოვებს.
"ჩვენ ერთი ეპიზოდი მოვიგეთ, ჩვენ ამ ადამიანს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ. ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდ მილიარდიანი ფუღურო. ოქტომბერში ჩვენ გავაფორმებთ საბოლოოდ გამარჯვებას და ვეტყვით მას, რომ რამდენი თანხაც არ უნდა ჰქონდეს ყულაბაში, ის ვერ იყიდის ქართველი ხალხის კეთილგანწყობას", - აღნიშნა თარგამაძემ.
ციხისძიში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ქართულ საზოგადოებას შეუძლია "ოლიგარქის თავგასულობის" შეჩერება.
"ეს ბარბაროსობა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ჰქონდა თავისი ახირებები, ხუშტურები. გარდა ეკოლოგიური ზიანისა, აქ იყო ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და მისი დემორალიზაცია, იყო თავდასხმა საქართველოს კანონმდებლობაზე და შვიდი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ისინი იცავდნენ კანონს. ჩვენ შეგვიძლია ამ ოლიგარქის თავგასულობა შევაჩეროთ. თუ ჩვენ ეს მოვახერხეთ აქ, ამას მოვახერხებთ ხვალ სხვაგანაც და საბოლოო ჯამში წერტილს დავუსვამთ მის უკანონო მოქმედებებს ოქტომბრის არჩევნებზე’’, განაცხადა წიკლაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა, რის შემდეგაც ასწლოვანი ხეების გადანერგვის პროცესი დროებით შეაჩერა. თუმცა ენმ სა და "არ გადამრგოს" წევრები ციხისძირში სადღეღამისო მორიგეობას აგრძელებენ.