გზა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - თავისუფლებამდე თითოეული მოქალაქის თავისუფლებაზე გადის, - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისსას
მისი თქმით, თავისუფლება თავის მხრივ არ არსებობს საკუთარი თავის, თანამოქალაქეთა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე.
„ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს მოქალაქეთა თანხმობას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო შენდება; გულისხმობს ზრუნვას და შრომას კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის, თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერებისათვის. ამ შრომამ ჩვენი ცხოვრების ყველა სფერო უნდა მოიცვას: უნივერსიტეტებსა თუ ქარხნებში, ფერმებსა თუ სამხედრო ნაწილებში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ყოველდღური გარჯით ქვეყნის წინსვლას ემსახურებიან“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი სახემლწიფო ვერ შედგება აქტიური მოქალაქის გარეშე, მოქალაქის, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში როგორც ამომრჩეველი, როგორც ხელისუფლების, ან როგორც საზოგადოების წევრი - ის ვინც პასუხს თხოვს და ამოცანებს უსახავს ხელისუფლებას.
„ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის. მისი მომვალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ. ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, შეცდომებსა და წარუმატებლობას ვერავის ვერ გადავაბრალებთ. უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, განვითარების ყველა რესურსი ქვეყნის გაერთიანების, გაძლიერებისა და განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა სწორედ აქტიურ, ინიციატივიან მოქალაქეთა, საზოგადოებრივ ჯგუფთა, თავისუფალ ნებაზე დაფუძნებულ ორგანიზაციათა, გაერთიანებათა ძალისმხევა და თანამშრომლობა მოაახლოვებს მიზანს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დავისახეთ - თავისუფალ, ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.