საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო გამოსვლისას არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გადადგა.
„დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია; აგვისტოში, გაიხსნა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.
2015 წლის ივლისში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოში ჩატარდა მასშტაბური, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“, რომელშიც მონაწილეობდნენ ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები.შარშანვე, საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე, დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის პროცესი. გაიმართა მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2015““ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დიდწილად დამოკიდებულია კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობაზე.
„ეროვნული უშიშროების საბჭო წარმოადგენს ყველაზე მაღალ და ერთადერთ კონსტიტუციურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ფორმატს, რომელშიც მონაწილეობას იღებს სახელმწიფოს მეთაურიც, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში ამ ინსტიტუტს ოცი წელი შეუსრულდა. საბჭო დემოკრატიული კონტროლის, საფრთხეებზე რეაგირების, პრევენციული მოქმედებების და სტრატეგიული დაგეგმვის შეუცვლელი საკონსტიტუციო სტრუქტურაა.
2015 წელს საბჭოს აპარატმა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 30-ზე მეტი ანალიტიკური მიმოხილვა მიაწოდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.