მომავალ არჩევნებზე, ვერც ერთი სამინისტრო თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს, - - ამის შესახებ, არასაპარლამენტო ოპოზიციის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება გარდაბანს, სადაც 28 იანვარს გამგებლის არჩევნები იმართება, წულუკიანის თქმით, ამ შემთხვევაში კანონის ძალაში შესვლა ვერ ესწრება.
„თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მომავალ არჩევნებზე შემოდგომაზე, ვერც ერთი სამინისტრო გაუმჭვირვალედ და თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი, რომელსაც მხარი დაუჭირა ასევე თავდაცვის სამინისტრომ,-აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
13 არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრიც ესწრებოდა. არასაპარლამენტო ინტერპარტიული ჯგუფი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სამხარეო პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს. მმართველი კოალიცია კი, საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლისთვის გეგმავს.