ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა ქვეყნის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან,ლაიმდოტა სტრაუჟუმასთან.
ლაიმდოტა სტრაუჟუმამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წელს შეძლებენ. ლატვიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ლატვია მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, არსებობს სფეროები, სადაც თანამშრომლობის უფრო გააქტიურება შესაძლებელია, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და განათლების მიმართულებით.
დავით უსუფაშვილმა ლაიმდოტა სტრაუჟუმას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთივე აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველო ლატვიისთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც.
დავით უსუფაშვილის თქმით, ის მოხარულია, რომ იზრდება ლატვიელების რიცხვი, რომლებიც საქართველოს როგორც ტურისტული, ასევე ეკონომიკური პოტენციალით არიან დაინტერესებულნი.
შეხვედრაზე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ორი ქვეყანა - საქართველო და ლატვია საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობს ძალიან მჭიდროდ. ჩვენ, პრაქტიკულად, არ გვაქვს საკითხები, რომელზეც გვაქვს გაუგებრობა და ლატვია ჩვენ გვეხმარება ყველა მიმართულებით. ევროკავშირთან ინტეგრაციის წარმატებაში ძალიან დიდია ლატვიის წვლილი, იმიტომ, რომ პოლიტიკური ლიდერებიც, სხვადასხვა დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებიც, ჩვენ გვაძლევდნენ ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს და ეს გრძელდება. ახლა ლატვია არის ერთ-ერთი აქტიური ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის შეთანხმება უნდა მიიღოს რაც შეიძლება მალე და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული არაფერ სხვაზე გარდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა. თუ სხვაგან სადმე შეიძლება იყოს გარკვეული შერფეხებები, ამან არ უნდა შეაფერხოს ჩვენი ურთიერთობები. ამისთვის ლატვიის მთავრობის წევრები ძალიან კონკრეტული მიმართულებებით მუშაობენ და ეს მუშაობა გაგრძელდება.
ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერებაზე. აქ ძალიან ბევრია რამაა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და მივეხმაროთ ერთმანეთის ეკონომიკას, ერთმანეთის საზოგადოებებს.
სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო დღეს ლატვიის პრეზიდენტი ვერ შეგვხვდა. გადავეცით პრემიერმინისტრს, რომ ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას და ველით მას უკვე თბილისში. საქართველოში აპრილის დასაწყისში დაგეგმილია ლატვიის პრეზიდენტის ვიზიტი. ჩვენ შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს ლატვიის პარლამენტის ხელმძღვანელებთან, სპიკერთან, ვიცესპიკერებთან, საგარეო და ევროპული ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელებთან, მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან, ეს შეხვედრები გვექნება უკვე პარლამენტში. და ასევე, ვგეგმავ გამოსვლას ლატვიის უნივერსიტეტში, სადაც იქნება მრგვალი მაგიდა და ვისაუბრებთ უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, ძალიან გვიხარია დელეგაციის წევრებს, რომ მონაწილეობას მივიღებთ ქართული ანბანის გამოფენის გახსნაში. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე მაღალი და სერიოზული კულტურული ფენომენი, რომელიც უნდა გავაცნოთ მსოფლიოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ არტ ნოვოს მუზეუმი დაათვალიერა.
დღესვე დავით უსუფაშვილმა ინტერვიუ მისცა ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლეტას“, სადაც საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, რეგიონული და გლობალური გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც დავით უსუფაშვილთან ერთად თედო ჯაფარიძე, გიორგი კახიანი, მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე შედიან, ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს 19 იანვარს დაასრულებს.