"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია და ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" პრეს-სამსახური იტყობინება, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფერო.
შეხვედრაზე აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ინტერესებშია საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ევროპული დემოკრატიული ქვეყანა და ამ მიზნის მიღწევის გზაზე საქართველოს ქმედითად დაეხმარება.
"ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო წელი. მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ამ არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას, რაც დაეხმარება საქართველოს განამტკიცოს მოწინავე ქვეყნის იმიჯი რეგიონში და ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა ამერიკელ კოლეგას, პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში აქტიური მხარდაჭერის ფორმებზე საკუთარი ხედვა გაუზიარეს.
შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პერსპექტივებზე.