ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენის 25 წლისთავის აღსანიშნავად ა, რომელიც თბილისის 1989 წლის 9 აპრილის ანალოგია, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიედრიუს პუოჯუნასმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
"ჩვენი მოძმე ლიტველი ხალხი აღნიშნავს 25 წლისთავს იმ ტრაგიკული მოვლენებიდან, რამაც შეძრა მაშინ არა მხოლოდ ლიტვა, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცე, არამედ მსოფლიო, როდესაც უდანაშაულო ადამიანები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ - ბრძოლას საბჭოთა იმპერიასთან. ეს იყო 25 წლის წინ. მაშინ ჩვენ, ქართველი ხალხი, ლიტველებთან ერთად, ვიბრძოდით თავისუფლებისთვის, ვიყავით სოლიდარული, ვიყავით ერთად”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, - „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 25 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია, თამამად, ამაყად განვაცხადოთ, რომ ლიტველი და ქართველი ხალხი კვლავ ხელიხელჩაკიდებული მიდის წინ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ღირსებისთვის და ეს ასე გაგრძელდება ალბათ ძალიან ბევრი 25 წელი".
ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა და ქართველ ერს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
"1991 წლის 13 იანვარი იგივეა, რაც 1989 წლის 9 აპრილი. ეს ჩვენი უახლესი ისტორიის ორი ფუნდამენტური დღეა, ჩვენი ერების სოლიდარობისა და სულიერი სიძლიერის გამოხატვისა და საფუძვლის ჩაყრის ჩვენი დამოუკიდებლობისთვის. ძალიან მადლიერები ვართ თქვენი სოლიდარობისა და პატივისცემისთვის",- განაცხადა ელჩმა.
დღესვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც ლიტვის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.