ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, დღეს არც ერთი ქვეყანა საფასურის სახით ბუნებრივ აირს არ იღებს და კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველო "გაზპრომს" ტრანზიტის საფასურის ფულად ანაზღაურებაზე უნდა დათანხმდეს.
მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე ”გაზპრომთან” ხელშეკრულებას ვადა აქვს გასული და ბუნებრივი აირი, ,,ფაქტობრივად, არასანქცირებულად მოგვაქვს“.
კალაძის მტკიცებით, დღეს მის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაახლოებული ექსპერტების მიერ აგორებულია შავი კამპანია. თუმცა მისი თქმით, ყველაფერს მოახერხებს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის პრობლემა არ იყოს.
ენერგეტიკის მინისტრი ასევე აცხადბს, რომ დამატებითი მოცულობის გაზის წამოღების შემთხვევაში, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება კიდევ უფრო დაბალი.
"თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით კიდევ უფრო მეტ მოცულობებს, ბუნებრივ აირზე ფასი იქნება გაცილებთ კიდევ უფრო დაბალი, თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ამ თემას არ განვიხილავთ. მხოლოდ ერთწლიან კონტარაქტზეა საუბარი და ჩვენ გვინდა, რომ დავაკმაყოფილოთ მხოლოდ და მხოლოდ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ჩვენ ბაზარზე გვაქვს. ეს არის 300-დან 400 მილიონამდე", - განაცხადა მინისტრმა ექსპერტებტან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.