"საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს ამ ეტაპზე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარი არ სურს. მისი თქმით, ფონდი სამ თვეში დადებს ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.
,,დღეს ჩვენ ვართ ფონდი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თქვენ ამაში სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით. სამ თვეში დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. მგონი, ამ ხედვას უნდა მიაყურადოს მთავრობამ და ყველამ, მთელმა საზოგადოებამ", - აღნიშნა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ფონდი არის საზოგადოებრივი მოძრაობა.
"ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი და გვინდა, რომ ეს ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ, რადგან დღევანდელი მიმართულებით, ჩვენი ფონდი უკმაყოფილოა, ამას ძალიან ღიად ვაცხადებ", - აღნიშნა ფონდის დამფუძნებელმა, რომელიც დღეს ორგანიზაციის წევრებთან ერთად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.