პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა კითხვებით დაუსვეს.
გიორგი ბარამიძემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პრემიერის დროს რაღაც შეიცვლება იმასთან დაკავშირებით, რასაც ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სიძულვილის პოლიტიკა ჰქვია.
გიორგი კანდელაკის კითხვა ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ეხება.
„თქვენ თქვით, რომ ივანიშვილს გავლენა არ გამოუყენებია, რომ ფული ეკეთებინაო. თუმცა, ხალხმა იცის, რომ „ქართუ ბანკის” მოგება 17-ჯერ გაიზარდა. ამ საკითხზე საუბრისას თქვენ იხუმრეთ, თუ არ გიხუმრიათ?“, - მიმართა კვირიკაშვილს კანდელაკმა.
ვიქტორ დოლიძემ საგარეო საქმეთა მინისტრად პაპუნა ჯანელიძის კანდიდატურის წარდგენა დადებითად შეაფასა და დაინტერესდა, მთავრობა აპირებს თუ არა საგარეო სექტორში „ოდეერეების“ თემას გადახედოს, რომლისთვისაც დიდი თანხები იხარჯება.
სერგო რატიანი საყდრისის აფეთქებას გამოეხმაურა და დაინტერესდა, რა პოზიცია აქვს გიორგი კვირიკაშვილს.
„თქვენ წინა პრემიერისგან განსხვავდებით, მაგრამ არის საკითხი, სადაც განსხვავება ვერ ვნახეთ. ეს საყდრისის თემაა. მაინტერესებს, მიგაჩნიათ, რომ საყდრისი არ წამოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს? წინა მთავრობა ამტკიცებდა, რომ ეს იყო სტერილური ბორცვი“, - მიმართა რატიანმა კვირიკაშვილს.
ტარიელ ლონდარიძის კითხვა სამხედრო მოსამსახურების დაზღვევას შეეხებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მხრივ პრობლემები წარმოიშვა.
გიორგი თევდორაძე ქუთაისის სტატუსით დაინტერესდა და ამ საკითხის თაობაზე კვირიკაშვილის პოზიციის გარკვევა სცადა.