28 დეკემბერს, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის მისაღებად, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი პროცედურები დაიწყო. ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს მოუსმინეს.
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნოდარ ხადურმა დეპუტატებს რამდენიმე მნიშნელოვანი რეფორმა გააცნო, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდება. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, უკვე შესრულებულია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმა შემოსავლების ნაწილში.
„სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ხელისუფლების, მათ შორის, საგადასახადო ინსტიტუტების ტერორისგან. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ბიუჯეტი შეიძლება შეივსოს ძალადობის გარეშე. ბიუჯეტი გახდა მეტად გამჭირვალე, ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი სოციალური ვალდებულებების აღება და შესრულება ისე, რომ ფისკალური სტაბილურობისთვის საფრთხე არ შექმნილიყო. ფინანსთა სამინისტრო გახდება კიდევ უფრო მეგობრული ბიზნესისადმი. ბიზნესისადმი და არა ცალკეული ბიზნესმენებისადმი - ჩვენ დავაწესებთ თამაშის ნათელ წესებს, ნაკლებ გამონაკლისებსა და ტრანსპარენტულ სუბსიდირებას. ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ჩვენ შემოვიტანთ საკანონმდებლო ცვლილებებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. პირველი იანვრიდან, უკვე მეორედ უკანასკნელი წლების განმავლობაში, შევამცირებთ საგადასახადო ხანდაზმულობის ვადას და ის გახდება 4 წელი, ხოლო ერთი წლის შემდეგ - 3, ნაცვლად 6 წლისა.
- ჩვენი მიზანია, რომ როგორც საგადასახადო კოდექსი, ისე გადასახადების ადმინისტრირება იყოს მაქსიმალურად სამართლიანი. მინიმუმამდე უნდა დავიდეს ურჩი გადამხდელების რიცხვი და მათთან შედარებით პატიოსანი გადამხდელი უკეთეს მდგომარეობაში უნდა იყოს;
- ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე ბიზნესის წარმომადგენლებთან და ბიზნეს-ასოციაციებთან ერთად ვიმუშაოთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც პარლამენტის წევრებმა, დაინტერესებულმა პირებმა მიიღოთ მასში აქტიური მონაწილეობა. ჩვენ გვინდა, შემოგთავაზოთ სრულიად რევოლუციური ნაბიჯების გადადგმა იძულებით აღსრულების მიმართულებით; ამ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ისე, რომ არც ბიზნესს შეეშალოს ხელი და ამავე დროს საგადასახადო სამსახურმაც შეასრულოს თავისი ფუნქცია;
- უფრო მეტად რეგლამენტირებული გახდება საგადასახადო შემოწმების პროცესი, რათა ის არ გრძელდებოდეს ხანგრძლივად და ბიზნესს არ ექმნებოდეს დამატებითი პრობლემები;
- ჩვენ გთავაზობთ რომ, სრულად განხორციელდეს 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერა, ხოლო 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციები ჩამოიწერება ძირითადი გადასახადის თანხის გადახდის პირობით, იმ შემთხვევაში, თუ პირს აქტივობები არ უფიქსირდება;
- დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალებების იმპორტი განთავისუფლდება დღგ-ს თანხის გადახდის ვალდებულებისგან;
- ბიზნესისთვის აქტუალურ თემაზე გამოიცემა საჯარო გადაწყვეტილება. მე მინდა გთხოვოთ, რომ ამ მიზნით შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის წევრების, შესაბამისი კომიტეტებისა და ბიზნეს ასოციაციების მონაწილეობით. ფინანსთა სამინისტრო ამაზე აქტიურად იმუშავებს;
- გადაიხედება შემოწმების აქტის შედგენის წესი და ფორმა. შემოწმების აქტი აუცილებლად უნდა მოიცავდეს იურიდიულ დასაბუთებას და უნდა იყოს მაქსიმალურად დეტალური, რათა გადამხდელმა იცოდეს, რის გამო არის გადასახადი დარიცხული და ამავე დროს დავების საბჭოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად აღიდგინოს პროცესი;
- ჩვენ ვგეგმავთ საბუღალტრო რეფორმას, რომლის მიზანია, გამჭვირვალობის ამაღლება, კაპიტალური ბაზრების განვითარება, ფინანსური სექტორის ეფექტურობის ზრდა, საინვესტიციო გარემოს, კორპორატიული მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება. ისეთ საწარმოებში, რომლებიც გადავლენ აღნიშნულ მეთოდზე, ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეამცირებს შემოწმების ტვირთს;
- საგადასახადო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა. კაპიტალის მატებიდან მიღებული შემოსავალის გათავისუფლება გადასახადისგან და ამავე დროს, ჩვენ ვგეგმავთ მოგების გადასახადის რეფორმას;
- დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებით გაიმართება დიალოგი საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და 2016 წლის პირველ ნახევარში ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს განსახილველად;
- სამინისტროს მეტი კონტროლი ექნება არაპირდაპირ ვალდებულებებზე და მოხდება მათი გასაჯაროება.
დიდი ხანია ვსაუბრობთ დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების გამარტივებაზე. რამდენიმე დღეში, პირველ იანვარს, ფინანსთა სამინისტრო დანერგავს ერთიან სახაზინო კოდს. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს და ხშირ შემთხვევაში ავტომატურამდე დაიყვანს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის დაბრუნებას, ფინანსთა სამინისტრო შეძლებს ყველა მიმდინარედ წარმოქმნილი ზედმეტობის მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში დაბრუნებას.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია:
- ფისკალური სტაბილურობა;
- ბაზრისადმი და ბიზნესისადმი მეგობრული დამოკიდებულება;
- სოციალური ვალდებულებების შესრულება და ეფექტიანობის დახვეწა;
- საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობა;
- მეტი გამჭვირვალობა და გადაწყვეტილებების მიღებამდე ბიზნესის ჩართულობა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დღესვე აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართვეოლობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მინისტრობის კანდიდატებს მხარი დაუჭირეს.