კოალიცია „ქართული ოცნება“ მთავრობაში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე 26-27 დეკემბერს იმსჯელებს.
„ჯი-ეიჩ-ენ“-ის ინფორმაციით, კოალიციის სხდომა ხვალ, ან ზეგ ჩაინიშნება.
უმრავლესობა პირად საუბარში ადასტურებს, რომ რამდენიმე მინისტრი თანამდებობას დატოვებს. მათ შორის, იქნებიან ეკონომიკური დარგის მინისტრები.
მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობაზე შეჯერდება, პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს 28-29 დეკემბერს მოუსმენს. კერძოდ, 28 დეკემბერს მინისტრებს დარგების მიხედვით, კომიტეტებსა და ფრაქციებში მოუსმენენ, ხოლო 29 დეკემბერს სესია გაიმართება.
რაც შეეხება კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცედურებს, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისთვის მინიმუმ 5 დღე და მაქსიმუმ - 21 დღე დასჭირდება.
კერძოდ, კერძოდ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის ვადაში, პრეზიდენტმა პარლამენტს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა წარუდგინოს.
კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო 7 დღეში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მინისტრთა კაბინეტი უნდა დაასახელოს და ის ნდობის მისაღებად პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საკანონმდებლო ორგანოს სამთავრობო პროგრამაც უნდა წარუდგინოს.
გარდა ამისა, კონსტიტუციის მიხედვით, მომდევნო 7 დღის განმავლობაში, პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა უნდა განიხილოს და მას კენჭი უნდა უყაროს.
მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის ხმა დასჭირდება.