შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზაზა ბ. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიღბიანი, ცივი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბრალდებული გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებას აპირებდა.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანა, „ეფ 1“-ის ტიპის ხელყუმბარა, შავი ტყავის ხელთათმანები და სამედიცინო პირბადე ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს ყაჩაღობის მომზადების (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).