პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, თუკი ალეკო ელისაშვილი ვერ ხვდება, რომ ცრუობს, მაშინ სასამართლომ-გამოძიებამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაატარონ, რათა ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გადაამოწმონ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გახმოვანებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და მან ალეკო ელისაშვილს ნებისმიერი ტელევიზიის ეთერში, დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.
ბესელიას შეფასებით, ის საკუთარი პრესკონფერენციით „მატყუარა“ და „ფლიდ“ ელისაშვილს არ პასუხობს.
„მე ახლა საზოგადოებას ველაპარაკები. მატყუარა ელისაშვილს ნებისმიერ ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში დავუჯდები. ის ჩემთან ერთად დაჯდეს და ჩემთან ერთად ის სიცრუე გაიმეოროს, რაც მან გუშინ განაცხადა. ის შეცდომაში შეყვანილი არ არის, ის გამიზნულად, განზრახ იტყუება და ამ ცილისწამებლურ განცხადებებს აკეთებს. ამის დამადასტურებელია ის, რაც მან გუშინ თქვა, რომ მას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ პირთა შეწყალებას მხოლოდ ერთ საქმეზე დაჟინებით სთხოვდა. იმ განცხადებების ნაწილი წამოგიღეთ, რაც შეწყალების კომისიაშია გაგზავნილი. მხოლოდ შეწყალების კომისიაში 2122 განცხადება გვაქვს გაგზავნილი. მათ შორისაა, შუამდგომლობები და რეკომენდაციები. 2122 პატიმარიდან რეაგირების გარეშე, არცერთი არ დაგვიტოვებია“, - აცხადებს ბესელია.
კანონმდებელი ირწმუნება, რომ მას ე.წ. კოკაინის საქმეზე ელისაშვილთან არანაირი სახის კომუნიკაცია არ ჰქონია, მათ შორის, არ სმს გაუგზავნია და არც ტელეფონით დაურეკავს.
„რაც შეეხება ამ საქმეს, ელისაშვილთან კომუნიკაცია არანაირი ფორმით არ მქონია არც ამ კონკრეტულ საქმეზე და არც სხვა საქმეზე. განცდა მიჩნდება, რომ ის შეგნებულად ცრუობს და მას აქვს გააზრებული, რატომ აკეთებს ამას, მაგრამ თუკი ის ვერ ხვდება, რომ ცრუობს, მაშინ სასამართლომ, გამოძიებამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რომ ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა გადაამოწმოს. მე როგორც იურისტს, სამართლებრივ ენაზე სხვა ახსნა არ მაქვს. ის საზოგადოებას ეუბნება, რომ მე და მანანა კობახიძე მას რაღაცას დაჟინებით ვთხოვდით. მას მოვუწოდებ, ჩემთან კომუნიკაციის ამსახველი თუნდაც ერთადერთი მტკიცებულება დადოს, გარდა კომიტეტის სახელით გაგზავნილი წერილებისა, რომელსაც ყველგან ვაგზავნით. პოლიტიკაში ასეთი მატყუარა და ფლიდი ადამიანები არ უნდა იყვნენ“, - დასძინა ბესელიამ.