პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური პროგნოზირებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 50 %-იანი ბარიერის დაწესების შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოლქში მეორე ტური იქნება.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენ“-ს ძიძიგურმა განუცხადა, 2016 წლის არჩევნები ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც თვითმართველობების არჩევნები იყო.
მისი თქმით, იმის განსაზღვრა ძნელია, თუ რამდენში ოლქში იქნება მეორე ტური, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ბევრ ოლქში მეორე ტური ჩატარდეს.
„თვითმართველობის არჩევნების დროს მეორე ტური 21 ოლქში გვქონდა, მაგრამ ამით არც საქართველოს და არც დემოკრატიულ მიმართულებას არაფერი წაუგია. პირიქით, ძალიან კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა და ასეთივეს ველოდებით“, - აცხადებს ძიძიგური.
კანონმდებელი ამბობს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მომზადდება, რომელიც მეორე ტურის დანიშვნის ვადებს შეეხება.
„კოდექსში წერია, რომ მეორე ტური მე-14 დღეს უნდა ჩატარდეს. თუკი ცესკო-ს მიერ ხმების დათვლის პროცესს გავითვალისწინებთ, მე-14 დღეს შემაჯამებელი ოქმი ვერ დაიდება. ეს შესაძლოა, ცალკეულ ოლქში გამოვიდეს, ან არ გამოვიდეს. გააჩნია, როგორი გასაჩივრებები იქნება და რამდენ ინსტანციას გაივლის. ამ თვალსაზრისით კორექტირებები კიდევ დაგვჭირდება“, - ამბობს დეპუტატი.
ძიძიგური განსაკუთრებულ ყურადღებას მაჟორიტარულ ოლქებში 50 პროცენტიანი ბარიერის დაწესებაზე ამახვილებს და ამბობს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი თვლის, რომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ განაცხადა, რომ ეს მათ ინტერესებში არ შედის.
„როცა ოპოზიციაში ვიყავით, 50 პროცენტიან ბარიერს მუდმივად ვითხოვდით. ეს ყველას ცალსახა მოთხოვნა იყო, ახლა ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ისმის. ძნელად წარმოსადგენია, რომ ნაციონალების კანდიდატები მეორე ტურში გავიდნენ და მათ მხარი ბურჯანაძემ, ინაშვილმა, ალასანიამ და „ლეიბორისტებმა“ მხარი დაუჭირონ. ეს არ აინტერესებთ, რადგან ეს მათი პოლიტიკური კონექტიურის თემაა“, - განაცხადა ძიძიგურმა.
პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას, პირველი მოსმენით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც 50 პროცენტიანი ბარიერი დაწესდება. ამასთანავე, საკანონმდებლო ორგანო მესამე მოსმენით საარჩევნო ოლქების გადანაწილების თაობაზე „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებსაც დაამტკიცებს.