„ჩვენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც 21-ე საუკუნეში საზღვრებს აუქმებს და არა იმ ცივილიზაციისკენ, რომელიც საზღვრებს აგებს“, - ამის შესახებ საშემოდგომო სესიის დახურვისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც ევროკომისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
სპიკერის შეფასებით, საქართველოს ისტორიაში 18 დეკემებრი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გახდა ცნობილი. საქართველოსა და ევროპას შორის საზღვარი უქმდება. უვიზო მიმოსვლა სწორედ ამას ნიშნავს. გარკვეული სამუშაოებია დარჩენილი, სანამ ყოველგვარი ბარიერების გარეშე, ევროპაში თითოეული ქართველი ღირსეულად თავაწეული იმოგზაურებს. ეს დიდი მიღწევაა - ჩვენი ხელისუფლების, წინა ხელისუფლების და ძალიან ბევრი კონკრეტული ადამიანის, რომლებმაც ამ მიმართულებით იშრომეს“, - დასძინა სპიკერმა.