განმარტება შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზეა განთავსებული:
საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ.
უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარი წინაპირობაა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკავშირის N539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
ამჟამად საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის დასკვნით ფაზაშია.
რას ნიშნავს უვიზო რეჟიმი?
უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას:
წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია
ამ ქვეყნების ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ შესაბამის საკონსულო სამსახურებს:
დიდი ბრიტანეთის ვიზის მისაღებად: საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს https://www.gov.uk/check-uk-visa
ირლანდიის ვიზის მისაღებად: ირლანდიის საელჩოს საკონსულო სამსახურს ქ.სოფიაში (ბულგარეთის რესპუბლიკა)
https://www.dfa.ie/embassies/irish-embassies-abroad/europe/georgia/