საჯარო სექტორის თანამშრომლების დაახლოებით 20 პროცენტი, 55 ათასზე მეტი საჯარო მოხელე და 23 კერძო კომპანია "საქართველოს სოლიდარობის ფონდმა" სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დასახმარებლად გააერთიანა. ფონდის საქმიანობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმზე შეაჯამა.
პრემიერის ინფორმაციით, დაფუძნებიდან დღემდე, ფონდმა 4 მილიონ 700 ათასი ლარის მობილიზება მოახდინა და უკვე 182 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის მკურნალობის დაფინანსება შეძლო. 182 ბავშვიდან 94-ს დაუფინანსდა ძვირად ღირებული მკურნალობა საზღვარგარეთ.
"მინდა რამდენიმე სიტყვით გიამბოთ, თუ საიდან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის დაფუძნების იდეა. ყველა ჩვენგანი ფიქრობს და ზრუნავს იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად სოლიდარულები ვიყოთ. ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც სულ რაღაც სამი წლის ძალიან ბევრი გადაუჭრელი პრობლემა იყო ჯანდაცვის მიმართულებით და სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტეთ დაგვეწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს არის უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, წარმატებული პროექტია. დღეის მდგომარეობით, საქართველოს თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული, მათი მკურნალობის, ოპერაციების და სხვა ხარჯებს სახელმწიფო იხდის, სამი წლის წინ კი, ჩვენ რადიკალურად განსხვავებული სურათი გვქონდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ამ საკითხს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე, მადლობა გადაუხადა სოლიდარობის ფონდის თითოეულ შემომწირველს და საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურების იმედი გამოთქვა.