მოთხოვნა მოდიოდა ზემოდან, რომ საყდრისი არ ყოფილიყო შემაფერხებელი გრემოება კერძო ინვესტორის მუშაობისთვის, - ამ განცხადებას კულტურის ყოფილი მინისტრის გურამ ოდიშარიას ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი აკეთებს.
მისი თქმით, ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ზეწოლა.
”ყველა ინსტანციიდან მოდიოდა ზეწოლა. თუნდაც სხვა სამინისტროებიდან იქნებოდა, მინისტრთა კაბინეტიდან თუ პრემიერ-მინისტრის აპარატიდან და კანცელარიიდან. ქუმსიშვილი და მარგიშვილი მაშინ მოადგილეები იყვნენ, მაგრამ უფრო მაღალ დონეზეც იყო ეს ზეწოლა. მოთხოვნა იყო, მოდიოდა ზემოდან, რომ საყდრისი არ ყოფილიყო შემაფერხებელი გრემოება კერძო ინვესტორის მუშაობისთვის" - აცხადებს მიზანდარი.
საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის შესაძლებლობაზე სამოქალაქო სექტორშიც საუბრობენ. საია-ს შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება მის აფეთქებაზე კულტურის სამინისტროს მიღმა მიიღეს. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ კანონი არაერთხელ დაირღვა და სასამართლოს დამოუკიდებლობასაც ეჭვქვეშ აყენებენ.