„თავისუფალი დემოკრატები“ გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით პარიზში მიღებულ საეტაპო გადაწყვეტილებებს მიესალმებიან და საგანგებო განცხადებას აქვეყნებენ.
„თავისუფალი დემოკრატები“ მივესალმებით გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით პარიზში მიღებულ საეტაპო გადაწყვეტილებებს, ვიზიარებთ მის სულისკვეთებასა და ფუნდამენტურ ღირებულებებს. 2015 წლის 12 დეკემბერს გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა პარიზის 21-ე კონფერენციაზე 195 ქვეყნის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართული წინადადებების პროექტს, რომელიც სათბური ეფექტის გამომწვევი აირების ემისიის შეზღუდვას ითვალისწინებს. დოკუმენტზე საბოლოო ხელისმოწერა 2016 წლის გაზაფზულზე გაიმართება. საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მიღწევის პირველივე დღიდან პარტია დაუყოვნებლად დაიწყებს 21-ე საუკუნის საქართველოს შენებას „მწვანე ეკონომიკისა“ და „განახლებადი ენერგიის პოლიტიკის“ მხარდაჭერით. საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალ დემოკრატებს " უკვე შეტანილი აქვთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი ჰიბრიდული ავტომანქნებზე საგადასახადო შეღავათების დაწესების თაობაზე და მომავალშიც მზად ვართ ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც პარიზის კონფერენციის გადაწყვეტილებებს ესადაგება. მიგვაჩნია, რომ როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე ეკონომიკური ზრდისათვის გამიზნული სამთავრობო გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს თანხვედრაში ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებებთან და გარემოზე მავნე ზემოქმედების პრევენციასთან. კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლილება, რაც გლობალური დათბობის თანმდევ პროცესებს უკავშირდება, საქართველოშიც შესამჩნევია. ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი გლობალური დათბობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში და ვიზრუნოთ ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“, - ნათქვამია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.