პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები მთავრობას წინადადებით მიმართავენ, იურიდიული დახმარების სამსახური ხუთი საშტატო ერთეულით გაიზარდოს.
კომიტეტების ინიციატივა პლენარულ სხდომაზე ვახტანგ ხმალაძემ გაახმოვანა.
ხმალაძის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმ ადამიანთა წრე გაიზარდა, რომელთაც უფასო დახმარებას იურიდიული დახმარების სამსახური უწევს.
მისი ცნობით, ხელისუფლებამ ამ სამსახურისთვის დაფინასება გაზარდა, რაც კარგი გადაწყვეტილებაა.
„იმედია, ამ მხრივ სიტუაციის გაუმჯობესება მომავალ წელს კიდევ უფრო მოხერხდება, მაგრამ ჩვენი წინადადებაა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა ხუთი საშტატო ერთეულით გაიზარდოს და გაზრდილი 400 ათასიდან 100 ათასი ლარი გადატანილ იქნას შრომით ანაზღაურების მუხლში. მთლიანობაში აღნიშნული სამსახურის დაფინასების რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ ეს იურიდიული დახმარების სამსახურს საშუალებას მისცემს, რომ თავისი ფუნქციის შესრულება უკეთ შეძლოს“, - განაცხადა ხმალაძემ.