ქართულმა მხარემ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, საქართველოს მსგავსად, ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება თავადაც აიღოს.
ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გუშინ გამართულ 34-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, შედგა ორი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილება, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები.
მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებოდნენ მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ისევე როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
„მოლაპარაკებები სამუშაო რეჟიმში, დღის წესრიგის შესაბამისად მიმდინარეობდა. ექვსსაათიანი მუშაობის შემდეგ, როცა მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დღის წესრიგის მეოთხე საკითხი - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება განიხილებოდა, ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ხოლო მოგვიანებით მონაწილეებმა რუსეთის ფედერაციიდან, მოლაპარაკებების დარბაზი დატოვეს, რის გამოც, თანათავმჯდომარეები იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ მუშაობა, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მონაწილეებმა საქართველოდან ორივე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს. კერძოდ, აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ სოხუმსა და ცხინვალთან დადებული ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შედეგებზე, ასევე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მილიტერიზაციაზე, გახშირებულ სამხედრო წვრთნებსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
საქართველოს დელეგაციამ ასევე, ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ე.წ. სამხედრო მინისტრის განცხადებაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ძალების გაერთიანებული ჯგუფი შესაძლოა, სამხედრო ოპერაციებში აფხაზეთის გარეთაც ჩაერთოს, რაც საგარეო უწყების შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებისა და ძალის არგამოყენების გარანტიების შექმნის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ზოგიერთი მონაწილის მხრიდან ძალის არგამოყენების საკითხის განხილვისას ადგილი ჰქონდა თემის პოლიტიზების მცდელობას, რაც რუსეთის, როგორც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი და საოკუპაციო ძალის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ითვალისწინებდა. მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, საქართველოს მიერ ძალის არგამოყენების შესახებ არაერთგზის, ცალმხრივად აღებული ვალდებულების საპასუხოდ, ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულება მანაც აიღოს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების თვითიზოლაციის პოლიტიკას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასაადგილებლად სპეციალური საშვების რეჟიმს უწესებს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებას. ასევე, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების შემთხვევებს. მონაწილეებმა საქართველოდან დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სოფელ აძვში ეკლესიის ეზოდან ადამიანების გატაცების ფაქტი.
რაც შეეხება მეორე სამუშაო ჯგუფს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის ფარგლებში გადაადგილების თავისუფლება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის აუცილებლობა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ დღის პირველ ნახევარში ადგილი ჰქონდა რუსეთის წარმომადგენლის მხრიდან ჰუმანიტარული ჯგუფის ხელოვნური პოლიტიზების მცდელობას, მოლაპარაკებების ფარგლებში დამკვიდრებული პრაქტიკის უგულებელყოფით, მაგრამ საქართველოს დელეგაციისა და თანამოდერატორების კონსტრუქციული მიდგომის შედეგად მდგომარეობის ნორმალიზება შესაძლებელი გახდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, შედგა მსჯელობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხზე, თუმცა, მონაწილეებსა და თანამოდერატორებს არ მიეცათ საშუალება, დისკუსია კონსტრუქციულად დაესრულებინათ.
„მონაწილეებმა საქართველოდან არაერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა კონსტრუქციულად განაგრძონ მოლაპარაკებები და მიიღონ შესაბამისი ზომები კონკრეტული ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მიზნით, რათა ეფექტურად მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის სასიცოცხლო პრობლემების გადაწყვეტა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი 22-23 მარტს გაიმართება.