ოპოზიციონერი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივით გამოდის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მან განაცხადა, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა ის ვარიანტია, რომელიც ერთი მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უპასუხებს და მეორე მხრივ, ხმათა თანასწორობის პრინციპს დაიცავს.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საკითხის ირგვლივ პოლიტიკურ ძალებს შორის გარკვეული კონსენსუსი იქნება.
,,ვერ ვხედავ ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ პროექტს მხარს უჭერს. ნუ წარმოადგენთ საკითხს ისე, თითქოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით პარლამენტი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა - ეს ასე არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს არ უთქვამს, რომ აუცილებლად ერთმანდატიანი საარჩევნო სისტემა უნდა დარჩეს და მხოლოდ ოლქები გათანაბრდეს", - განმარტავს კუბლაშვილი.
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დღეს მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილებები განიხილეს. კუბლაშვილი საკუთარი საკანონმდებლო პროექტის ინიცირებას მიმდინარე კვირას გეგმავს.