პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ სამართლიან კონკურენციაში დამარცხება ტრაგედია და ცხოვრების ბოლომდე უბედურებების განმაპირობებელი ამბავი არ არის.
ამ ჭრილში უსუფაშვილმა ყურადღება სპორტულ აღზრდაზე გაამახვილა და ის პერიოდიც გაიხსენა, როცა თავად სპორტსმენობა სცადა.
„ოცი წლის წინ, ჩემი სპორტული კარიერა უდროოდ ჩაესვენა. ეს იყო 1996 წლის აგვისტო, როდესაც ფეხბურთის სათამაშოდ წავედით. ასეთ დროს, ყველაზე ახლობლები და შინაურები გიმუხთლებენ. საკუთარმა ძმამ მაღალი ბურთი ჩამოაწოდა, რომლის თავის დასარტყმელად ზეცაში ავიჭერი, ამასობაში უახლოესი მეგობარი შემეჯახა, მიწაზე დავეშვი და ფეხი მოვიტეხე. ძალიან მძიმე მოტეხილობა მქონდა. ჩემი სპორტული კარიერა ასე ჩაესვენა. სხვათაშორის, ხელის სათხოვნელად მეუღლის ოჯახს ყავარჯნებით მივადექი. ამიტომ, სამწუხაროდ, აქტიურ სპორტს მას შემდეგ ვერ მივყვები, მაგრამ ძალიან აქტიური გულშემატკივარი ვარ ფეხბურთის. მესი და „ბარსელონა“ მწვერვალია ბევრი რამის. იმ წარმატებების მოხარული ვარ, რასაც ჩვენი რაგბის მოთამაშეები, გუნდები, მესვეურები აღწევენ. დარწმუნებული ვარ, რომ რაგბიდან საქართველო გაცილებით მეტს მიიღებს, ვიდრე ეს რომელიმე კონკრეტული მოგებული თამაშია. ჩვენ ყველაზე მეტად სამართლიანი კონკურენციის უნარ-ჩვევები გვაკლია. ამიტომ, მოკლეზე მივდივართ ხოლმე. შემოვუვლით რაღაცეებს, იმიტომ, რომ ბარიერები რთული გასავლელია და ამით მერე ძალიან ბევრ რამეს ვანგრევთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.