„სამწუხაროდ, ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩემი რჩევა არ გაიზიარა და თანამდებობა იმაზე ადრე დატოვა, ვიდრე უნდა დაეტოვებინა“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც პოლიტიკაში ივანიშვილის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.
უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილის როლი პოზიტიური იყო და თუკი ის პოლიტიკაში კიდევ ცოტა ხანი დარჩებოდა, ეს გაცილებით უფრო პოზიტიური იქნებოდა.
„ბოლო წამამდე საკმაოდ მძაფრი საუბრები გვქონდა. მან ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ნათქვამი ჰქონდა, მაგრამ ჩემი პოზიცია იყო, რომ ის პრემიერ–მინისტრის პოსტზე წელი კიდევ ერთი უნდა დარჩენილიყო, რაც კოალიციურ სისტემას და სტრუქტურას მეტად გაამყარებდა. ჩვენ ყველას ერთად მეტი დრო გვჭირდებოდა, რომ ინსტიტუციურად ჩამოვყალიბებულიყავით და ინსტიტუციური, სწორი ურთიერთობები აგვწეყო. ივანიშვილის როლი იყო პოზიტიური და თუკი ის ცოტა ხანი დარჩებოდა, უფრო პოზიტიური იქნებოდა. ივანიშვილი ამბობს, ხანდახან, უსუფაშვილი არ მიჯერებსო, მაგრამ ივანიშვილიც ხანდახან არ მიჯერებს და მიმაჩნია, რომ ადრე დატოვა პრემიერის პოსტი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
სპიკერის ცნობით, პოლიტიკაში ყოფილი პრემიერის უკან მობრუნების თაობაზე ივანიშვილის პოზიცია მტკიცეა და მას ამისი გეგმა და სურვილი არ აქვს.
„ის ამბობს, საქართველოს მოქალაქედ რჩება და თუ დაინახავს, რომ იმდენად რთულად საქმეა, ქუდზე კაცია საჭირო, მაშინ ამისთვის მზად არის. ამჟამად ამბობს, რომ ამის ალბათობას ვერ ხედავს. ეს ნიშნავს, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი თავისი სათქმელის თქმას მოახერხებს და მისი რჩევების გათვალისიწინება მის მიერ შექმნილი პარტიის მხრიდან მოხდება“, - განაცხადა უსუფაშვილმა.