პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი წინააღმდეგია, რომ საკანონმდებლო ორგანომ „საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილოს.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ უმჯობესია, ეს საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმაც განხილოს.
ტყემალაძეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როცა საგადასახადო კოდექსში ამ დონის ჩარევა ხდება, გადაწყვეტილება ორ დღეში არ უნდა მიიღებოდეს.
„ვეჭვობ, რომ ამ საკითხის განხილვაში იურიდიული კომიტეტი კი არა, იურიდიული სამყაროს ჩართვა იქნება საჭირო. ყველაზე სწორი გზა ისაა, რომ საკითხი ჩვეულებრივი წესით განვიხილოთ და თუკი მთავრობას ვადებთან დაკავშირებით აქვს საკითხი, აგერ, ხვალ მოიტანოს და ვადების თემას ერთ კვირაში განვიხლავთ. ეს არ არის ერთი თემა, რომელიც 17 სხვადასხვა მუხლშია განხილული. ეს სერიოზულ განხილვას საჭიროებს. როცა საკითხში ამ დონის ჩარევა ხდება, არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ ცუდი ჩარევა ხდება, მაგრამ ამ საკითხს ყველა მხრიდან უნდა შევხედოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ პარლამენტს „საგადასახო კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, იმ სუბიექტებს, რომლებსაც საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომა გააჩნიათ, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტო ემატება. ცვლილებებით, ახლებურად განისაზღვრება ხანდაზმულობის ვადა (6 წლის ნაცვლად, სამი წლით) პირველადი საგადასახადო დოკუმენტის შენახვისთვის. ამას გარდა, პროექტით, მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს საქმიანობის სახეები, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც პირებს ექნებათ შემოსავლის 3 პროცენტიანი ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების უფლება. ასევე, კანონპროექტით, განისაზღვრება დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლების ახალი შემთხვევები და ზუსტდება, რომ ქონების გადასახადის დასაბეგრი ქონება მოიცავს საინვესტიციო ქონებასაც.