თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ყოფილი ვიცე-მერის დავით ალავიძის დაპატიმრების შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადება
ყოფილი ვიცე-მერის დავით ალავიძის დაპატიმრების შესახებ მეოთხე გადაწყვეტილება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ მიიღო განჩინება ყოფილი ვიცე-მერის წინასწარ პატიმრობაში მოთავსების შესახებ.
- პირველად დავით ალავიძე 2013 წლის 27 ივნისს დილით დააკავეს. იმ დროს საქართველოში ნატო-ს მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია იმყოფებოდა. ხელისუფლებამ პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით იგი გაათავისუფლა. მისი დაკავების შესახებ კი განმარტეს, თითქოს ის მოწმის სტატუსით დაიკითხა;
- მეორედ იგი 2013 წელის 27 ივნისის საღამოს დააპატიმრეს, როდესაც ნატოს დელეგაციამ ქვეყანა დატოვა. ამავე დროს იგი გადაყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპყრობილეში.
- ბრალდებულის დაკავების 72 საათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, სასამართლო ის სცნო უკანონო პატიმრად და სასამართლო დარბაზიდან გაათვისუფლა. თუმცა ორსაათიანი შესვენების შემდგომ, იგივე მოსამართლემ სახიფათოდ ჩათვალა მისი თავისუფლებაზე ყოფნა და კვლავ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. უკვე მესამეჯერ მოხდა მისი დაპატიმრება და ციხეში ჩასმა. ერთი თვის შემდეგ თვითონ პროკურატურამ მოითხოვა სასამართლო პროცესის ჩანიშვნა და მათი შუამდგომლობის საფუძველზე იგი გათავისუფლდა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ.
დღეს იგივე საქმეზე უკვე მეოთხედ მიღებულია გადაწყვეტილება დავით ალავიძის დაპატიმრებისა და ციხეში ჩასმის შესახებ. ვრცელდება ჭორები, რომ მან დატოვა საქართველო. როგორც კარგადაა ცნობილი, ის მუდმივად პროკურატურის მხრიდან იძულების ქვეშ იმყოფება, რომ მან მისცეს ცრუ მამხილებელი ჩვენება თბილისის ყოფილი მერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ.