საქართველომ იგივე პროცედურა უნდა გაიროს რაც მონტენეგრომ, - განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ჯეიმს აპატურაიმ
მისივე თქმით, ნატო-ს მიერ მიღებულ კომუნიკეში საქართველოსთვის ორი ახალი გზავნილია.
"პირველი – უფრო ნათელი გახდა, რომ როდესაც საქმე ეხება ნატო-ს გასაწევრიანებლად პრაქტიკულ მომზადებას, საქართველოს საამისოდ ყველა ბერკეტი გააჩნია. მეორე კი არსებით პაკეტის განხორციელება საქართველოს უფრო უნარიანს ხდის, ეს კი ეხმარება მას წევრობისთვის მოემზადოს", - განაცხადა აპატურაიმ.
გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ორგანიზაციაა, არამედ პოლიტიკურიც, შესაბამისად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ რეფორმების განხორციელება განაგრძოს.
„გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, მაგრამ ეს ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. რაღაც ეტაპზე იქნება კონსესუსი წევრ ქვეყნებს შორის მაპთან დაკავშირებით და ეს დღეც დადგება. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი და ეს არის მიზეზი რატომაც სურს საქართველოს გაწევრიანება. საუბარი არ არის მხოლოდ უსაფრთხოებაზე, საუბარია საერთო ღირებულებებსა და საერთო დემოკრატიულ პრინციპებზე", - განაცხადა აპატურაიმ.
მან ავსევე აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი პრინციპია და პროგრესი ამ სფეროშიც საჭიროა.