ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა, -  ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენლმა ჯეიმს აპატურაიმ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით კომუნიკე მიიღეს. 
 აპატურაის განცხადებით, საქათველოს ნატო-ს წევრობისთვის ყველა საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს. 
 
 „დღეს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ პროცესი უცვლელი რჩება. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე არანაირი ახალი დაბრკოლება არ გაჩენილა. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიხედვით, წევრობის სამოქმედო გეგმა ყოველთვის მომდევნო ნაბიჯს წარმოადგენდა. დღევანდელი გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს“, - განაცხადა აპატურაიმ. 
ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი „მაპ“-ის, როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილის დახმარებით.
 დღეს გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წევრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარებას განაგრძობს.