თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის “ქართული ოცნება - რესპუბლიკელები” წევრმა დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც მოსახლეობის მიერ საბურთალოს რაიონში გაპროტესტებულ მშენებლობებზე დეტალურად ისაუბრა.
საბურთალოს მაჟორიტარმა ყურადღება ალექსიძის, დოლიძის, ხილიანის და სხვა ქუჩებზე მიმდინარე მშენებლობებზე გაამახვილა და ამასთან, შესაძლებელ კომპრომისებზე ისაუბრა.
,,არსებობს პრობლემის მოგვარების ისეთი პრეცედენტებიც, როდესაც ორივე მხარე-ინვესტორიც და მოსახლეობაც კმაყოფილი რჩება. ვფიქრობ, კომპრომისის მიღწევა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია’’,- განაცხადა ზურაბიშვილმა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში შესაბამისი რაიონების მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
ბრიფინგზე დავით ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქის მერია მის მიერ მიწოდებულ ყველა პრობლემას დეტალურად შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.