საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონწილეობა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღო. მინისტერიალზე ალიანსმა მხარი დაუჭირა 2016 წლის განმავლობაში ავღანეთში ნატოს საწვრთნელი მისიის არსებობას და გადაწყვეტილებას, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განმტკიცებისთვის. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ გამოსვლაში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გააგრძელოს საკუთარი წვლილის შეტანა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ალიანსის საიმედო პარტნიორია. ნატოს მინისტერიალის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი კოლეგა მინისტრებსაც შეხვდა. ის ევროპელ კოლეგებს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა.