საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აცხადებს, რომ ISIS-ს საფრთხე საერთოა და შესაბამისად, საქართველო და აშშ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობენ.
მისივე თქმით, საჭიროა თანამშრომლობა რეგიონშიც.
"საკმაოდ რთული დროა და საქართველო მდებარეობს რთულ რეგიონში. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხეა. ეს საჭიროს ხდის თანამშრომლობას როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ასევე საქართველოსა და რეგიონში მის მეზობლებს შორის", - აღნიშნა იან კელიმ.
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთან სასაზღვრო კონტროლის სფეროში თანამშრომლობა.
"ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველყოფილი იყოს საზღვრებზე კონტროლი. ძალიან კმაყოფილი ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.