ინფორმაციას, რომელიც თურქეთის მიერ ისლამისტებისგან ნავთობის შესყიდვას შეეხება, რუსეთი არ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მთავარია ინფორმაცია გქონდეს და გამოიყენო ტერორიზმთან საბრძოლველად და არა რაიმეს დასამტკიცებლად. ჩვენ ამ ინფორმაციას ტერორიზმთან საბრძოლველად ვიყენებთ,“-აღნიშნა პესკოვმა. მანამდე კრემლის ლიდერმა თურქეთი ისლამისტთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ნავთობის კონტრაბანდაში დაადანაშაულა, რასაც თურქეთის ლიდერის რეაქცია მოჰყვა. ერდოგანმა ღიად განაცხადა, რომ მოსკოვმა ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები უნდა წარმოადგინოს. თურქეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ თუ თურქეთსა და ისლამისტებს შორის ნავთობით ვაჭრობის ფაქტი დადასტურდება, ის თანამდებობას დატოვებს.