ENG / RUS       12+

ნუგზარ წიკლაური: რუსეთ-თურქეთის კონფლიქტში საქართველოს სიფრთხილე ლაჩრობასთან წილნაყარია

რესპოდენტის შესახებ

„ისლამური სახელმწიფო“ ამერიკისა და ევროპის მსგავსად, საქართველოსაც ემუქრება. მსოფლიო ლიდერები მოსალოდნელი ტერორისტული აქტების თაობაზე საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებენ. მათ შორისაა, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი, რომელიც ქვეყანაში პარიზის მსგავსი ტერაქტების განხორციელებას არ გამორიცხავს და მოსახლეობას საშობაო პერიოდში, სავაჭრო ცენტრებში ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.  

საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე, „ჯი-ეჩ-ენი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

რა საფრთხეები არსებობს, საქართველოს მიმართ?

ვერ ვიტყოდი, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების მიმართვა საქართველოსთვის რაიმე ახალ საფრთხეებს წარმოშობს. ტერორისტების მიზანია, რომ ქვეყნებში გარკვეული შიში დათესონ. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, ის საფრთხის შემცველი ნამდვილად არის. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებიდან გამომდინარე, რეგიონში არასტაბლური ვითარება იქმნება, რადგან ჩრდილოეთ  კავკასიაში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც სირიაში იყო, ან მომავალში წასვლას აპირებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სირიაში პანკისის ხეობიდან, აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდანაც არიან წასულები. ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოს რაიმე დრამატული საფრთხეები უახლოვდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახურები ფხიზლად უნდა იყვნენ. შარშან, უსაფრთხოების სამსახურს საზღვარზე რამდენიმე ათეული ადამიანის გადასვლა გამოეპარა და სრული უკონტროლო ვითარება იყო. ამ თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს.

სირიაში აჭარის რეგიონიდან წასული პირები აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში რელიგიურ დევნას განიცდიან.  როგორც პოლიტიკოსი, მსგავს ფაქტებს ამჩნევთ?

ეს ორი სხვადასხვა თემაა და არ მინდა, რომ საქართველოში  რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა ტერორისტების მუქარებთან დავაკავშირო. ქვეყანაში რელიგიური უმცირესობების თვალსაზრისით, ბევრი რაღაც გამოსასწორებელია. აღმაშფოთებელი ფაქტები გვახსოვს, როდესაც სასულიერო სასწავლებელს ღორის თავი მიაკრეს და მეჩეთი დაანგრიეს. ასეთი პრობლემები არის, ისევე როგორც გარკვეული პრობლემებია ხალხთა შორის ურთიერთობებში. ეს ყველაფერი იმ ვიდეოსთან დაკავშირებული არ უნდა იყოს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. თუკი რაიმე სახის პრობლემა არსებობს, მის გადაჭრაზე საუბარი შეიძლება. საქართველოში რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით ისეთი არაფერი ხდება, რომ ამან ადამიანს ხელში იარაღის აღება, სირიაში წასვლა და უდანაშაულო ბავშვების ხოცვა გადააწყვეტინოს. საკითხის ასე დასმა, არაკორექტულია და გამართლება ვერცერთ ტერორისტს ვერ ექნება. მათ შორის, იმ ოთხ ადამიანს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებოდნენ.

საქართველოს უსაფრთხოების სისტემა რამდენად გამართულად მუშაობს, რომ საფრთხეები თავიდან აცილებული იქნეს?

რამდენიმე დღის წინ, უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ ტერორისტების მუქარა არ გაევრცელებინათ, მაგრამ ამ დროს, ის ვებ-გვერდი თავისუფლად მუშაობდა, სადაც ეს ვიდეომასალა იყო განთავსებული. ეს ყველაფერი როგორც მინიმუმ სახელმწიფო უწყებების არასერიოზულობასა და უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს. ძალოვანი უწყებების მნიშვნელოვანი სეგმენტი მიმართულია პოლიტიკურ დევნაზე და არა იმ რეალური საფრთხეების აცილებაზე, რომელიც ქვეყნის წინაშეა. იმ დროს, როცა ათეულობით ადამიანი სირიაში გადადიოდა, კონტაქტებს ამყარებდნენ და პანკისის ხეობაში, აჭარასა და ქვემო ქართლში ადამიანების რეკრუტირება ხდებოდა, ხელისუფლება საბურავების მითიურ საწყობებზე საუბრით  იყო დაკავებული. ძალოვანმა უწყებებმა საბურავების თემაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, რაც ყველასთვის კომიკური იყო. ხელისუფლება აცხადებდა, რომ უკრაინის მეიდნიდან საქართველოში ჩამოყვანილი აქტივისტები პროტესტანტებს ხელისუფლებასთან დაპირისპირების ხერხებს ასწავლიდნენ. ხელისუფლების მხრიდან ეს სრულიად უსაგნო და უტვინო საქციელი იყო, რაშიც სახელმწიფო რესურსი მიდის. იმის ნაცვლად, რომ მუშაობა საფრთხეების განეიტრალებასა და კრიმინალის შემცირებაზე მიმდინარეობდეს, მე, გივი თარგამაძე, და გიგა ბოკერია დაკითხვებზე დავყავართ. ისინი „მითიური საფრთხის“ განეიტრალებაზე მუშაობენ, რომელიც თითქოს, ჩვენგან მოდის. მათი არადეკვატურობა განცდას არ ბადებს, რომ ხელისუფლება ტერორისტებს ისე უდგება, როგორც უნდა უდგებოდეს.

რელიგიური ომების დაწყების წინაპირობები არსებობს, რომელიც ისტორიული ცნობების მიხედვით, ყველაზე ხანგძლივი და სასტიკია?

რელიგიურ ომებს სისასტიკით გამორჩეული ისტორია აქვს. აღმოსავლეთში დაპირისპირებაა როგორც ქრისტიანულ ცივილიზაციასთან - ევროპასთან, ამერიკასთან და ქრისტიანობასთან, ასევე მუსლიმურ ჯგუფებს შორის, რომელიც იქაა. სუნიტებისა და შიიტების დაპირისპირება ახალი არ არის და ამ პროცესში სახელმწიფოები არიან ჩართულნი. თუკი საუდის არაბეთი ერთ მხარესაა, ირანი მეორე მხარეს იკავებს. ე.წ. შიიტური რკალი არსებობს, რომელიც ნდობას ერთ კონკრეტულ მხარეს უცხადებს. ერაყში, სადამ ჰუსეინის დროს შიიტები და სუნიტები იყვნენ, რომელთა შორის ახლა დაპირისპირება მიმდინარეობს და ესეც რელიგიურ ნიადგაზე ხორციელდება. ეს ბრძოლები გაგრძელდება. რელიგიური ომი ყველაზე საშიში იმითაა, რომ საღი განსჯისთვის ყველაზე ნაკლებ ადგილს ტოვებს. წმინდა წიგნის ინტერპრირება ხდება, ესა თუ ის გამონათქვამი რას ნიშნავს. ადამიანები ყველაზე უფრო საღი აზრის დასაცავად უდიდესს სისასტიკეს ავლენენ, რაც არავითარ კავშირშია არც ყურანთან და არც სახარებასთან. როდესაც შარლატანებს წმინდა წიგნის ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევათ, შიშველი-ბნელი რწმენისთვის გზა იხსნება. მსოფლიოში დღეს არსებულ ვითარებას ტერმინი - ცივილიზაციათა ომი შეესაბამება.

რაც შეეხება რუსეთ-თურქეთის დაპირისპირებას, ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტი თურქეთის მიერ „სუ 24“-ის ჩამოგდებამ კიდევ უფრო გაამწვავა. ამ ორი სახელმწიფოს პოლიტიკა, რა საფრთხეების წინაშე აყენებს რეგიონს?

რუსეთი და თურქეთი კონფლიქტში ირიბად ჩართულნი აქამდეც იყვნენ. ცნობილია, რომ რუსეთი სირიის ამჟამინდელ მმართველს - ბაშარ ასადს მოკავშირედ თვლის, რომლის წინააღმდეგაც დასავლეთი, ნატო გამოდიოდა. რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთის ტერიტორიებს ბევრჯერ გადაუფრინეს, მაგრამ პროცესი ასეთ სიმწვავემდე არ მისულა. რუსეთი და თურქეთი ჩვენი რეგიონის უდიდესი სახელმწიფოებია და მათ შორის ეკონომიკური კავშირები უფრო და უფრო მცირდება. როგორც ჩანს, მათი დაპირისპირება ეკონომიკური კავშირების შემცირებით დაიწყო, რაც საქართველოზეც აისახება. ეს ორი დიდი სახელმწიფო რეგიონში ერთმანეთს ასუსტებს, რითაც რეგიონში უფრო სუსტი ეკონომიკა იქნება. რუსეთი ანტიტერორისტული კოალიციის წევრად განიხილება, მაგრამ ის დასავლური ძალისხმევის სრულფასოვანი ნაწილი მაინც არ არის.  რუსეთის მიზანია, რომ ბაშარ ასადის ნებისმიერი ოპოზიციონერი დაბომბოს, მათ შორის, ის ძალები, რომლებიც ამერიკის მიერ მხარდაჭერილები არიან. დასავლეთს სურს, რომ ასადი ხელისუფლებაში აღარ იყოს, ხოლო რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოანია, რომ ასადის რეჟიმი შეინარჩუნოს. შეუძლებელია, რომ ამ სხვადასხვა ძალისხმევამ ერთი შედეგი გამოიღოს.

თურქეთ-რუსეთის კონფლიქტში ეკონომიკური პრობლემების გარდა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე საფრთხე ემუქრება?

საქართველოს არავინ მოსთხოვს, რომ ამ მოვლენებში ყველაზე აქტიური იყოს. საქართველოს სამხედრო პოტენციალი ისეთი დიდი არ არის, რომ გადამწყვეტი როლის შესრულება შეგვეძლოს. ასეთ როლს არც მსოფლიო დაგვაკისრებს, თუმცა, საქართველო დასავლური ძალისხმევის ნაწილი უნდა იყოს და ეს რა ფორმებით მოხდება, ეს ნატოს ფარგლებში განსახილველი თემა იქნება. ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო განცხადებები არ მახსოვს. მესმის, რომ ქართულ მხარეს რუსეთის ან თურქეთის გაღიზიანება არ სურს, მაგრამ საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილად კიდევ ერთხელ უნდა დაფიქსირდეს. ამ შემთხვევაში, სიფრთხილე უფრო ლაჩრობასთან წილნაყარია, ვიდრე რაციონალურ აღქმასთან ახლოს მდგარი. რუსეთი მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებს პატივს არ სცემს და ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. როდესაც მსოფლიოში გლობალური დაპირისპირებები ხდება, როგორც წესი, პატარა ქვეყნის ინტერესები შეიძლება მონეტა იყოს, რომელსაც მხარეები ერთმანეთს გადაუგდებენ.

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მეტი სარგებელის მიღება შეუძლია. საუბარია იმაზე, რომ როგორც საქართველოს სჭირდება ვიზა-ლიბერალიზაცია, ასევე ევროპას სჭირდება სტრატეგიული პარტნიორი კავკასიის რეგიონში...

ამ პროცესებში, საქართველოს შეუძლია, ან ძალიან დაზარალდეს, ან პირიქით, დიდი წარმატება ჰქონდეს. საქართველო ნატოსთან და დასავლურ სამყაროსთან კიდევ უფრო უნდა დაახლოვდეს   და ის სარგებელი მიიღოს, რაც აუცილებლად მოვა. თუკი ლირიკულ გადახვევებს გავაკეთებ, რაც მსოფლიოში ხდება, სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირების სახეს ატარებს. შეუძლებელია, რომ ცივილიზებულმა სამყარომ პირდაპირ ეთერში ათასობით ადამიანის უსასტიკეს დასჯას უყუროს. ამაზე რაღაც პასუხი უნდა იყოს. საქართველოს არავინ მოსთხოვს, რომ ჩვენი ჯარები სირიაში საბრძოლველად გადაისროლოს, მაგრამ სადაც ცივილიზებული სამყარო იდგება, იქ აქტიური მონაწილეობა უნდა მივიღოთ. ამასთანავე, აუცილებელია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელებთან, მათ შორის, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან ახლო კავშირი გვქონდეს. წინა პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი შევქმენით, რომლიც ახლა ფაქტიურად, გაუქმებული და უუნაროა. კომიტეტის ფარგლებში, ათასობით ჩრდილოკავკასიელი ჩამოდიოდა და ეს კონტაქტები მნიშვნელოვანია, როგორც ინფორმირების კუთხით, ასევე საფრთხეების პრევენციის მიზნით. 

„ჯი-ეიჩ-ენი“, ნინო ხვადაგიანი

ავტორი: . .