„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტით, თბილისში, 10 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი შეიქმნება.
ცვლილებებით, საქართველოს დანარჩენ რაიონებში, მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან პირიქით, გაყოფის გზით, 42 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
ამას გარდა, პროექტით, 13 მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის, ხაშურის, ახალქალაქის, ნინოწმინდის, მესტიის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სენაკის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების საზღვრები თანხვედრაში მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებთან იქნება.
პროექტის ავტორთა განმარტებით, ცესკო საარჩევნო ოლქის საზღვრებს დაადგენს და დააზუსტებს არა განკარგულებით, რომელიც ცესკოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, არამედ - დადგენილებით, რომელიც კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს წარმოადგენს.